Sputnik საქართველო

წყალდიდობა თბილისში
2015.13.06
როგორ დაიწყო...

13 ივნისს თბილისში გაწვიმდა. ქალაქელებმა ქოლგები მოიმარჯვეს და ჩვეული საქმიანობა განაგრძეს: ვიღაც მეგობრებთან ერთობოდა, ვიღაც შინ მიდიოდა, ვიღაც უკვე ტელევიზორთან მოკალათებულიყო... ჯერ არავინ იცოდა,
რომ მეორე დღეს თბილისს უმძიმესი დილა გაუთენდებოდა.
„თბილისში წყალდიდობაა. გთხოვთ თავი შეიკავოთ ქუჩებში გასვლისგან და სამაშველო სამსახურში მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დარეკოთ. ყველა სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული!" - თბილისელების ჩვეულებრივი საღამო ქართულმა ტელეარხებმა ღამის 11 საათზე სპეციალური გამოშვებით დაარღვიეს...
მოგვიანებით გეოლოგები იტყვიან, რომ მდინარე ვერეს ადიდება და ღვარცოფად ქცევა ჩამოწოლილმა მეწყერმა გამოიწვია.

აბობოქრებულმა ვერემ, რომელიც აღარაფრით ჰგავდა კალაპოტში მშვიდად მოწანწკარე, ფეხით გასავლელ ნაკადულს, უპირველესად თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დატბორა, სადაც ძაღლებთან ერთად დათვის ათი ბელიც ცხოვრობდა. ეს სვანიძის ქუჩის უდაბლესი წერტილი იყო. თავშესაფრის თანამშრომლები თავიანთი ბინადრების გადასარჩენად უკანასკნელ წუთამდე იბრძოდნენ, სანამ მოვარდნილმა ღვარცოფმა ბოლომდე არ წალეკა ყველაფერი.

და თბილისელების რეაქცია
იყო სხვადასხვანაირი - ვიღაცამ ნაცნობები მოიძია, ვიღაცამ მეზობლებს შეატყობინა, ვიღაც კი დაუფიქრებლად გაიქცა უბედურებაში ჩავარდნილი თანაქალაქელების დასახმარებლად.
წყალი თანდათან ავსებდა ქუჩას და იტბორებოდა სახლები, სადაც ადამიანებს უშფოთველად ეძინათ... სხვების გადასარჩენად მებრძოლები თავად აღმოჩნდნენ ხაფანგში. სხვა გზა არ ჰქონდათ, ახლომდებარე სახლების ზედა სართულებსა და სახურავებს შეაფარეს თავი. ახლა უკვე მათ გადარჩენაზე იყო საქმე. ადგილზე მისულმა მაშველებმა დაზარალებულების უსაფრთხო ადგილებზე გაყვანა დაიწყეს... მოვარდნილ წყალს კი სიკვდილის სახე ჰქონდა...
გაცოფებულ ვერეს გზად ყველა და ყველაფერი მიჰქონდა - ვინც და რაც კი იმ საღამოს
„მზიურის" პარკისა და ახალი შემოვლითი
გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შემოხვდა.
მიჰქონდა სახლები, მანქანები, გლეჯდა ხეებს...
და ადამიანებს გადარჩენის უმცირესს შანსსაც არ უტოვებდა.


ბოლოს მდინარე ვერე თბილისის ზოოპარკში შევარდა. ზოოპარკის თანამშრომლებმა დაიწყეს საკუთარ კალთაში გამოზრდილი ცხოველების გადარჩენისთვის ბრძოლა. ნაწილი გადაარჩინეს, ნაწილი — ვერა. ზოგმა ცხოველმა თავად მოახერხა გალიიდან თავის დაღწევა...

მერე დაღუპულების თაობაზე პირველი ცნობები გაჩნდა.

ზოოპარკის დირექტორმა თავისი სამი თანამშრომლის გარდაცვალებაზე განცხადება გააკეთა. ისევ წვიმდა, მაგრამ მას ყურადღებას უკვე არავინ აქცევდა.








ვერემ გმირთა მოედანი მთლიანად დაფარა და მტკვრისკენ აიღო გეზი. თან ირგვლივ ყველაფრის განადგურებას განაგრძობდა.






თენდებოდა და წყალდიდობის ნაკვალევი თვალხილული ხდებოდა. თბილისური ივნისის მზე საშინელი ტრაგედიის ფონზე ამოდიოდა. უმძიმესი ღამის შემდეგ გარინდული ქალაქის ცენტრში, გმირთა მოედანზე, ობლად დაეხეტებოდა ბეჰემოთი ბეგი და პირდაპირ ხეებიდან მიირთმევდა ფოთლებს...
დილით ქალაქის მოსახლეობა გააფრთხილეს, შინიდან არ გასულიყვნენ. ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვები, ლომები და ფოცხვერები თბილისის ქუჩებში გაჭრილიყვნენ და სერიოზულ საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანებს. მაგრამ თბილისელები ამან ვერ შეაკავა — უბედურებაში ჩავარდნილ ქალაქსა და ხალხს დახმარება სჭირდებოდათ და ისინიც საშველად დაიძრნენ.
ათასობით თბილისელმა ლამის შიშველი ხელებით დაიწყო ღვარცოფისგან ჩახერგილი ქუჩების
გაწმენდა, უგზოუკვლოდ დაკარგულების ძებნა
და ნანგრევებიდან დახოცილი ცხოველების
გამოტანა. საკუთარ თავზე, საკუთარ
უსაფრთხოებაზე არავინ ფიქრობდა.
წყალდიდობის შემდეგ თბილისი რამდენიმე დღე ერთბაშად რამდენიმე გრძნობით მოცული იცხოვრებს — ერთობის, მწუხარებისა და შიშის გრძნობით. ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს მთელი ქალაქის მასშტაბით დაუწყებენ ძებნას. სამაშველო სამსახურში ასობით ზარი შევა სადღაც დანახული ვეფხვის, ავაზისა თუ ფოცხვერის შესახებ...
მაშველები და მოხალისეები ტერიტორიის გაწმენდისას ერთი-მეორის მიყოლებით დაღუპულთა ცხედრებს იპოვიან. უსახლკაროდ დარჩენილებს სასტუმროებში შეასახლებენ, ხოლო ხელისუფლება იმაზე დაიწყებს ზრუნვას, რომ ტრაგედიის განმეორება აღარ დაუშვას.
მოხალისეები მოდიოდნენ და მოდიოდნენ, ზოგს ნიჩაბი მოჰქონდა, ზოგს — ხელთათმანები, ზოგს წყალი და საკვები... იმავე დღეს გაიხსნა ანგარიში დაზარალებულების დასახმარებლად, როგორც ხალხის, ისე ზოოპარკისა და ძაღლების თავშესაფრისთვის.
მერე მერიის მიერ მოწყობილ პუნქტებთან
ათასობით კაცი ჩადგა რიგში — უსახლკაროდ დარჩენილებისთვის დახმარება მიჰქონდათ:
ვის — საკვები, ვის — ტანსაცმელი, ვის კიდევ რა...
მერე იმ ღამიდან ერთი წელი გავა, მაგრამ მაინც იქნება ოჯახები, სადაც 2015 წლის 13 ივნისის ღამით შინიდან გასულის გზა–კვალი არ ეცოდინებათ; სადაც მაინც იმედით დაელოდებიან რაიმე ცნობას საკუთარ სისხლსა და ხორცზე...
საქართველოს ახსოვს...

ერთი წლის შემდეგაც კი თავსხმა წვიმისას, ყოველი თბილისელის გონებაში წუთით მაინც ამოტივტივდება 2015 წლის ტრაგედია და ადამიანები, რომელთა სიცოცხლეც 13 ივნისს შეწყდა.

მარიამ ქუთელია, 24 წლის, სტუდენტი - საკუთარ ბინაში მეგობართან ერთად გამოცდებისთვის ემზადებოდა. მისი ცხედარი „მზიურში" იპოვეს.

ნინა ფილიშვილი, 43 წლის - ცხოვრობდა სვანიძის ქუჩაზე, იქვე იპოვეს, როცა წყლის დონემ დაიკლო.

ჟანა ეგიაზაროვა, 47 წლის - სვანიძის ქუჩის მცხოვრები, მისი ცხედარი საკუთარ სახლში, სამზარეულოში იპოვეს.

სვეტლანა ეგიაზაროვა, 67 წლის - სვანიძის ქუჩის მცხოვრები, მისი ცხედარი საკუთარ სახლში, საძინებელში იპოვეს.

ლიანა ეგიაზაროვა, 64 წლის - სვანიძის ქუჩის მცხოვრები, იქვე იპოვეს, როცა წყლის დონემ დაიკლო.

ინდირა ზარანდია, 23 წლის - დასთან და მეგობართან ერთად შინ ბრუნდებოდა. მისი ცხედარი „მზიურში" იპოვეს.

„მზიური"

ელზა ზარანდია, 25 წლის - დასთან და მეგობართან ერთად შინ ბრუნდებოდა. მისი ცხედარი „მზიურში" იპოვეს.

ნატა ნინაშვილი, 42 წლის - „ლაგუნა ვერეს" თანამშრომელი, ცხედარი იპოვეს სანაპიროზე, სამსახურთან ახლოს.

ნუგზარ ბუაძე, 35 წლის - „მზიურის" მიმდებარედ ავტომობილით მოძრაობდა, მოვარდნილი წყლით გატაცებული მანქანიდან ქალებისა და ბავშვების გამოყვანა მოასწრო, თავის გადარჩენა კი ვერ შეძლო.

ნინა შუტკოვა, 59 წლის - რესტორან „მატრიოშკას" თანამშრომელი, მისი ცხედარი სამსახურთან ახლოს იპოვეს.

მალხაზ ჩიტაძე, 59 წლის - თბილისის ზოოპარკის თანამშრომელი, ცხედარი ზოოპარკის ტერიტორიაზე მდებარე საკუთარ სახლში იპოვეს.

გულიკო ჩიტაძე, 56 წლის - ზოოპარკის თანამშრომელი, იპოვეს მეუღლესთან, მალხაზ ჩიტაძესთან ერთად.

გივი დვალი, 77 წლის - ზოოპარკის ზედამხედველი, ცხედარი ზოოპარკის ტერიტორიაზე იპოვეს.

გურამ პეტრიაშვილი, 61 წლის - სვანიძის ქუჩის მცხოვრები, ვერ შეძლო სახლიდან გამოსვლა, იპოვეს ნანგრევებში.

კარპო ენუქიძე, 58 წლის - სტიქიამ სახლთან ერთად წაიღო, რომელიც ვერეს ხეობაში იდგა, იპოვეს „მზიურის" ტერიტორიაზე.

ზურაბ მუზაშვილი, 37 წლის - მაშველი. დაღუპვამდე 8 ადამიანი გადაარჩინა. იპოვეს „მზიურთან".

ივლიტა ჯიბუტი, 24 წლის, სტუდენტი - ფეხმძიმე გოგონა, მეგობართან ერთად საკუთარ სახლში გამოცდისთვის ემზადებოდა. მხოლოდ sms-ის გაგზავნა მოასწრო ერთ - ერთი მეგობრისთვის: „ვიხოცებით", მისი ცხედარი „მზიურში" იპოვეს.

დავით გაბიტაშვილი, 40 წლის
- შემოვლითი გზით მიდიოდა სახლში, მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო, მაგრამ წყალმა წაიღო, იპოვეს „მზიურში".

სულიკო ნოზაძე, 55 წლის - ძაღლების თავშესაფრის თანამშრომელი, დაიღუპა ოთხფეხა მეგობრების გადარჩენისთვის ბრძოლისას, ცხედარი მტკვარში იპოვეს.

ელიზბარ ბაღაშვილი, 53 წლის - არქიტექტორი, მეგობრებთან სტუმრობის შემდეგ სახლში შემოვლითი გზით ბრუნდებოდა, მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო, მაგრამ წყლის ნიაღვარს ვეღარ გაუმკლავდა.

ბექა ბუთურიშვილი, 33 წლის - მენეჯერი, შემოვლითი გზით მიდიოდა მეგობართან, დაიკარგა უგზო–უკვლოდ.

სერგო კაპანაძე, 31 წლის - დებ ზარანდიებთან ერთად ტაქსით მიდიოდა სახლში, დაიკარგა უგზო–უკვლოდ.

В материале использованы ссылки на YouTube - аккаунты: GK, Nika Nikolaishvili, Inadire Ge, Ruptly TV

Made on
Tilda