ზურაბ მუზაშვილი -
ჩვენი დროის გმირი

საიდან ჩნდებიან გმირები? ისინი ჩემ და შენ გვერდით ცხოვრობენ და ჩვენ ყოველდღიურობაში იბადებიან... არაფრით გამორჩეული მეზობელი, რომელსაც ყოველდღე ხედავ, უცებ ბავშვს ხანძრისგან იხსნის. მაღაზიის გამყიდველმა ქალმა ქურდს, რომელმაც მოხუც ქალბატონს ჩანთა გამოსტაცა, მაღაზიის გასასვლელთან გზა გადაუღობა. როგორღაც გაიგებ, რომ თანაკლასელი, რომელიც მრავალი წელია არ გინახავს, გარდაიცვალა... თურმე, მანქანით ბოძს შეეჯახა, რომ გზაზე უცებ გამოვარდნილ ბავშვს არ დაჯახებოდა...

რამდენი ასეთი ისტორია იცით?

ჩვენ მოგიყვებით ადამიანზე, რომელიც ჩვენ შორის ცხოვრობდა, ჩვენთან ერთად ქუჩებში დადიოდა, მაგრამ ერთ შემზარავ თბილისურ ღამეს გმირად იქცა. ზურაბ მუზაშვილმა თბილისში მომხდარი წყალდიდობისას რვა ადამიანი გადაარჩინა, თუმცა თავად დაიღუპა, მეცხრე ადამიანის გადარჩენისას...

წყალდიდობა...
თბილისი, 13 ივნისი, 2015 წელი
ეს ჩვეულებრივი გამოძახება იყო - ბუნებრივი აირის მილის დაზიანების გამო. ზურაბი მეწყვილესთან ერთად გამოძახების ადგილზე გავიდა. მანქანაში ოთხი ადამიანი იყო.

დანიშნულების ადგილამდე მისვლა ბრიგადამ ვერ შეძლო. ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ისინი "საცობში" მოყვნენ - მაშინ ვერავინ აცნობიერებდა, თუ რა უბედურება ელოდა ქალაქს...

"თქეში და თავსხმა წვიმა იყო. ვხედავდით, პატარა მდინარე როგორ დიდდებოდა და გზა წყლით იფარებოდა. ჩვენ მანქანაში ვისხედით, თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ დაიწყო... საშინელება, - ჰყვება ზურაბის მეწყვილე ლევან კილაძე. - მდინარე ძალიან სწრაფად მოდიოდა, ჩვენ მანქანიდან გადმოვედით, რათა გვერდით მდგარ მიკროავტობუსში მყოფებს დავხმარებოდით. როდესაც მიკროავტობუსიდან ბოლო ადამიანი გამოვიყვანეთ, მიკროავტობუსი ჩვენ თვალწინ წყალმა წაიღო".

აბობოქრებული წყლის დიდი მასის მიღმა მიწის კუნძული სულ უფრო მცირდებოდა. წყალს ყველაფერი თან მოჰქონდა - ხეები, ქვის ლოდები, სარეკლამო ბოძები, სახლის სახურავები.
„ჩვენ აბობოქრებული წყლის შუაგულში აღმოვჩნდით. წარმოუდგენელია იმის გადმოცემა, რაც ხდებოდა. ყველა მხრიდან ხალხის განწირული ხმა ისმოდა, რომლებიც შველას ითხოვდნენ".
ლევან კილაძე, ზურაბის მეწყვილე
ლევანი ჰყვება, რომ ფეხი დაუცდა და წყალში აღმოჩნდა. ზურაბი მის გადასარჩენად გადაეშვა და მეგობარი წყლიდან ამოიყვანა. შემდეგ დანარჩენების გადასარჩენად კვლავ წყალში შევიდა.

დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ის გაყინულ წყალში, რომელიც ტალახის ფაფასავით იქცა, ყვინთავდა და კიდევ შვიდი ადამიანის გადარჩენა მოახერხა. მეწყვილის ჩათვლით რვა ადამიანი გადაარჩინა, მეცხრეს გადარჩენა კი ვერ მოასწრო.

ზურაბის ცხედარი წყალდიდობიდან მესამე დღეს „მზიურის" პარკის ტერიტორიაზე იპოვეს. ის 37 წლის იყო.
იმ საშინელ ღამეს თბილისში 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ მეწყერმა პატარა მდინარე
ჩახერგა, რომელმაც შემდეგ კალაპოტი გაარღვია და ნიაღვრად
წამოვიდა. ადიდებულმა მდინარემ, რომელსაც თან
მოჰქონდა ფესვებიანად მოთხრილი დიდი ხეები,
საძირკველგამოცლილი სახლები, ქალაქის ცენტრი
დატბორა. ოფიციალური ვერსიით, 21 ადამიანი
დაიღუპა, ორი კი ამ დრომდე უგზოუკვლოდ
დაკარგულად ითვლება.
„რაღაც მომენტში წყლის მოვარდნა შეჩერდა... მაგრამ უცებ ჩვენ დავინახეთ, რომ წყალს ჩვენი მიმართულებით საშინელი სიჩქარით ხე მოჰქონდა. ყველა, ვინც იქ ვიყავით, უკან გადავხტით... და ამ დროს დავინახე, რომ ზურაბს, რომელიც წყალში იყო, ეს ხე წამოედო და წყალმა წაიღო... მე ვერ მოვასწარი... ვერ მოვასწარი მისთვის ხელის გაწვდენა, დაყვირებაც კი ვერ მოვასწარი"...
ლევან კილაძე, ზურაბის მეწყვილე
სიკვდილისგან გაქცევა
...და მაინც, ზურაბი არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. პირველად
მან 10 წლის ასაკში საკუთარი მეგობარი გადაარჩინა.

ზურაბი სოფელ აღაიანში დაიბადა, სადაც დაამთავრა კიდეც საშუალო სკოლა.

„მდინარე ქსანში ბავშვები ბანაობდნენ. ერთი წყალში ჩავარდა და ზურაბმა გადაარჩინა. მაშინ ის სულ რაღაც ათი წლის იყო", - გაიხსენა ზურაბის მამამ გიორგი მუზაშვილმა.
დღეს ზურაბის მამა შვილის მოგონებებით ცხოვრობს. ზურაბის ოთახში ყველა ნივთი უცვლელად დევს... მამა არავის აძლევს უფლებას, შვილის ნივთებს შეეხოს და გადააადგილოს.

ყველაფერი ისე დარჩა, როგორც ზურაბის სიცოცხლეში იყო - ტანსაცმელი, წიგნები, სპორტში მიღებული ჯილდოები, რომლებსაც ბოლოს ერთი მედალი დაემატა - მუზაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის".

მის ოთახში ბევრი ხატია - ძველები, რომელთანაც ზურაბი ლოცულობდა და ახალი ხატები - რომლებსაც ოჯახს მთელი საქართველოდან უგზავნიან. ხატების ნაწილი

ქსანში მდებარე კოლონიიდან მსჯავრდებულებმა გამოაგზავნეს...

და კიდევ, ახლობლები ჰყვებიან, რომ სიკვდილის აჩრდილი ზურაბს მთელი ცხოვრება უკან დაჰყვებოდა...

რამდენიმე წლის წინ ექიმებმა მისი გადარჩენა ძლივს მოახერხეს - ზურაბი ველოსიპედიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა. საჭირო გახდა მრავალსაათიანი ოპერაციის ჩატარება და იმპლანტის ჩასმა.

შემდეგ სამი თვე კომაში იყო, მაგრამ გონებაზე მოსვლა შეძლო. ფეხზე დადგა და სამუშაოდ სახანძრო სამსახურში წავიდა.

მშობლებსა და მის დას ყოველთვის ეშინოდათ, ფიქრობდნენ, რომ ზურაბის ბედისწერა ცეცხლი იქნებოდა - მაგრამ მისი სიცოცხლე წყალმა წაიღო.
„შაბათი იყო, ტელევიზორი გამოირთო. ზურაბთან დავრეკე, მან ამიხსნა, რა უნდა გამეკეთებინა... შემდეგ კიდევ დავრეკე და ზურამ მითხრა, რომ თბილისში ძლიერი წვიმაა და ტელევიზორი გამომერთო. ამის შემდეგ მასთან დაკავშირება ვეღარ შევძელი".
ლენა მუზაშვილი, ზურაბის დედა.
ახლობლებს პანიკა წყალდიდობიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ დაეწყოთ - ზურაბი მორიგეობის დროს ადრეც ხშირად
იკარგებოდა ხოლმე.
„როგორ არ მინდოდა, რომ მეხანძრე გამხდარიყო, - ამბობს ზურაბის და მედეა მუზაშვილი, - მაგრამ სხვა სამსახური არ იყო, ხოლო თავად ძალიან უყვარდა მისი სამუშაო. მე ყოველთვის ვეხვეწებოდი, სამსახურიდან წამოსულიყო, მაგრამ ვერაფრით დავიყოლიე".

ზურაბმა საკუთარი ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო, მშობლებთან, დასთან და დისშვილებთან ერთად ცხოვრობდა. საკმაოდ წარმატებული მოჭიდავე იყო, ბევრი ჯილდო ჰქონდა მოპოვებული, ფიზკულტურის ინსტიტუტი დაამთავრა და მწვრთნელობისთვის ემზადებოდა, მაგრამ ვერ მოასწრო ბავშვებისთვის სპორტული დარბაზის გახსნა.

ის მუდამ ჩქარობდა, ყოველთვის ვიღაცას სჭირდებოდა. საკუთარი თავის გაადრჩენა კი ვერ მოასწრო.
მარადიული ხსოვნა
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმ ადამიანისთვის, რომელიც გმირი ხდება. სიკვდილის შემდეგ ზურაბი დააჯილდოვეს მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის", ხოლო თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ნუცუბიძის პლატოზე ზურაბის სახელი ეწოდა.
მეგობრებმა კი მოიფიქრეს და ყოველ წელს, 23 აგვისტოს - ზურაბის დაბადების დღეს სოფელში ჭიდაობაში შეჯიბრებას ჩაატარებენ.

მალე სოფელში ზურაბ მუზაშვილის სახელობის სპორტული დარბაზი გაიხსნება და მემორიალი დაიდგმება - თავდადებისა და გმირობის სიმბოლო.
ზურაბი მშობლიურ სოფელშია დაკრძალული. საფლავის ქვაზე აწერია - „მადლობა, ზურა". მისი საფლავიდან მშვენიერი ხედი იშლება, ყველა მხრიდან მოჩანს საქართველოს დროშა... აქ ყველამ იცის, ვისი საფლავია ეს - გმირის საფლავი.
თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სტენდზე ბავშვების ნამუშევრებია გამოფენილი, რომლებშიც ისინი შეეცადნენ გაეგოთ იმის ფასი, რაც ზურაბმა ადამიანების
გადასარჩენად გაიღო. „ჩვენ გვახსოვს", - წერია სტენდზე.

მადლობა, ზურა!
.
Sputnik-Грузия
Made on
Tilda